საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 84 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, 59-ს კი საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი ისევ გრძელდება და ამის ფარგლებში შეწყალების კომისიამ 216 მსჯავრდებულის საქმე გადადო.
„იცით, რომ პრეზიდენტს გამოცხადებული აქვს ძალადობრივ დანაშაულების განხილვაზე გასამართლებული მსჯავრდებულების საქმეების განხილვაზე მორატორიუმი, სწორედ ამ მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ გადადო 216 მსჯავრდებულის საქმე. ისინი არიან გასამართლებულები ძალადობრივ დანაშაულებზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე. მათ საქმეებს კომისია აუცილებლად განიხილავს,“- განაცხადა ზვიად ქორიძემ.