„საქართველო პატარა ქვეყანაა მცირე მედია ბაზრით, ამის გამო რთულია ერთიანობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება საზოგადოებასა და სახელმწიფოში,“ - ეს განცხადება, აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა, დეიმონ ვილსონმა საქართველოში არსებული მედია გარემოს შეფასებისას გააკეთა.
დეიმონ ვილსონმა ქვეყნის შიდა პროცესებსა და დემოკრატიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ძალაუფლების ალტერნატიული წყაროები არსებობს, რაც კონსტიტუციურ ჩარჩოებში არ ჯდება.
„არ არის ჯანსაღი კონსტიტუციური დემოკრატიისთვის, როდესაც არსებობს ძალაუფლების ალტერნატიული წყაროები, რომელიც ქვეყანას აძლევს დირექტივებს, ეს არ ჯდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ანადგურებს კონსტიტუციური დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას დროთა განმავლობაში. მინდა, ვნახო ისეთი საქართველო, რომელიც აძლიერებს ინსტიტუციებს და უარს ამბობს პერსონალიებზე მორგებულ პოლიტიკაზე,“ - განაცხადა ვილსონმა.
ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში, დევიდ კრამერი კი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„საინტერესო იქნება შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა არჩევნების შედეგებისა და ამომრჩევლის ნების მიხედვით მართონ ქვეყანა. ეს ჭეშმარიტებაა აქაც და ყველა ქვეყანაში. შეიძლება ყოველთვის იყოს ხალხი კულისებში, რომლებიც ეცდებიან გავლენა გარედან მოახდინონ, მაგრამ გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარ პრობლემებზე პასუხი, მის მიერ არჩეულ ლიდერებს უნდა მოსთხოვოს და არ სხვას,“ - განაცხადა კრამერმა.
ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი და ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ხვალ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციაში "თავისუფლების დღის წესრიგი მომავალი 100 წლის განმავლობაში" მიიღებენ.
ისინი საქართველოში „ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრის“ მოწვევით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ.