"ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და უდიდესი სიამოვნების მომნიჭებელია აქ, თქვენთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშვნა," - ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ, კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, როდესაც პრობლემების წინაშე დგახარ, ოჯახს მიმართავ. თუ აღნიშნავ, რა თქმა უნდა, აღნიშნავ ოჯახთან ერთად და ყოველთვის სასიამოვნოა, იყო ასეთ მეგობრულ წრეში. ჩვენ ვართ ერთი ევროპული ოჯახი და დარწმუნებული ვარ, შემიძლია პრეზიდენტ დუდას სახელითაც ვისაუბრო, ევროკავშირში ჩვენ ვიქნებით არა მხოლოდ ერთი ევროპა, არამედ ვიქნებით საქართველოსთან ერთად ერთ ევროპულ ოჯახში - ევროკავშირში“, - განაცხადა კისკამ.
როგორც ანდრეი კისკამ აღნიშნა, სლოვაკეთი და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობითაც ჰგავს ერთმანეთს, რადგან სლოვაკეთში, თითქმის, 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო საქართველოში ცოტა ნაკლები. სლოვაკეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას რუსულ პროპაგანდაზეც ისაუბრა.
„ევროკავშირი ფანტასტიური პროექტია. მთლიანობაში ითვლის 500 მილიონ მცხოვრებელს და აქვს ძლიერი ეკონომიკა. მეგობრებთან ერთად გამოწვევებსა და მიღწევებზე საუბარი მშვენიერი საშუალებაა. ევროკავშირში ჩვენ ჩვენი გამოწვევები გვაქვს. ძლიერია პროპაგანდა რიგი ქვეყნებიდან, ვისაც არ სურს ჩვენი ნახვა როგორც გაერთიანებული და არ უნდა, რომ საქართველოც შეუერთდეს ევროკავშირს. „ბრექსიტთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 126 მილიონმა დატოვა ევროკავშირი. ეს იყო რუსეთიდან მომავალი პროპაგანდა. არ არის მარტივი პროპაგანდასთან გამკლავება,“ - განაცხადა კისკამ, რომელმაც დასძინა, რომ „საქართველოს აგრესიული მეზობელი ჰყავს, თუმცა თავს ართმევს გამოწვევებს“.