"დარწმუნებული ვარ, ლეხ კაჩინსკი ძალიან დიდი კმაყოფილებით შემოგვხედავდა და მთელი გულით აღნიშნავდა საქართველოს ამ დიდ იუბილეს," - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ „კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო, თბილისში ამ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ჩვენ ერთად აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის 100 წელს. მე ვისმენ გამოსვლებს და მეღიმება, როცა ვიხსენებ ჩემს წინამორბედებს, პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს, საქართველოს ერთობას, რაც იყო ევროპული უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. პრეზიდენტ კაჩინსკის სწამდა, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარეშე არ შედგებოდა დამოუკიდებელი და მშვიდობიანი ევროპა და არ იქნებოდა უსაფრთხო სამყარო. როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი კაჩინსკი 2010 წელს რუსეთში დაიღუპა, მაგრამ როცა ვუყურებ ამ ფორუმის დამსწრეებს, ჩვენი ფონდების მიერ მხარდაჭერას და იმ შეხვედრებს, რომელიც დღეს გვექნება, დარწმუნებული ვარ, კაჩინსკი ძალიან დიდი კმაყოფილებით შემოგვხედავდა და მთელი გულით აღნიშნავდა საქართველოს ამ დიდ იუბილეს,“ - განაცხადა დუდამ.
მისივე განცხადებით, საქართველო არის პოლონეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. დუდამ საქართველოსა და პოლონეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარდება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმვლობაში, ჩვენ უფრო მეტის მიღწევას შევძლებთ. ჩვენი ექსპორტი არის საკმაოდ კონკურენტუნარიანი, ჩვენ გვაქვს იგივე მაღალი ხარისხის პროდუქცია, რაც დასავლეთის სხვა ქვეყნებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პოლონური უწყებების ჩართულობით ენერგეტიკის სექტორის განვითარება იქნება უფრო მეტად შესაძლებელი საქართველოში. არის ასევე წინადადებები, რომელიც დაკავშირებულია მწვანე ტექნოლოგიებთან ენერგიის განახლებულ წყაროებთან, ენერგიის ეფექტურობასთან, ისევე როგორც ნარჩენების მართვასთან. ასევე, შეგვიძლია ვიმუშაოთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შეგვიძლია მხარი დაგიჭიროთ მრავალფუნქციური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაში, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოს, უკრაინას და ევროპის სხვა ქვეყნებს, ასევე მონაწილეობა მივიღოთ აბრეშუმის გზის მშენებლობაში. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ პოლონელი ტურისტების რაოდენობა იზრდება საქართველოში,“ - განაცხადა ანდჟეი დუდამ.