ცნობილი ბრიტანელი იურისტის ანგარიში შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის საფუძველი გახდეს.
ჯეფრი რობერტსონმა ჰააგაში დღეს 7-გვერდიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელშიც საუბარია საერთაშორისო კონვენციების და სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაზე.
იურისტი მიიჩნევს, რომ პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ქვეყნიდან გაძევების შესახებ უკანონოდ იყო მიღებული. გარდა ამისა, საუბარია, რომ გამოყენებულ იქნა ძალა მისი ქვეყნიდან იძულებით გაძევების დროს. ანგარიშში ასევე საუბარია, რომ პოროშენკოს ხელისუფლებას სააკაშვილის უკრაინული პოლიტიკისგან ჩამოშორება სურდა.
„მიხეილ სააკაშვილი არის დაზარალებული იმ უფლებების დარღვევის გამო, რომელთა დაცვაც საერთაშორისო კონვენციით გარანტირებული უნდა იყოს. ასე რომ, საქმე გვაქვს ადამიანის უფლებათა კანონისა და საერთაშორისო კონვენციების აშკარა უხეშ დარღვევასთან. ამ კონვენციებს კი უკრაინაც აწერს ხელს. რა უნდა გაკეთდეს, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა უნდა გადადგან დიპლომატიური ნაბიჯები, დაიბარონ უკრაინელი დიპლომატები და უთხრან, რომ მათი პრეზიდენტი სამარცხვინოდ იქცევა. ასევე უნდა გადახედონ დახმარებას, რომელიც უკრაინაში იგზავნება. ეს უნდა გამოიყენონ ბერკეტის სახით უკრაინაზე და მის პრეზიდენტზე გავლენის მოსახდენად, რომ სწორად მოიქცეს, უფლება მისცეს სააკაშვილს, დაბრუნდეს და გაუძღვეს საკუთარ პარტიას მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნებისთვის. გვაქვს მაგნიტსკის მსგავსი აქტის მიღების იდეა. ეს კანონი ეფექტიანად მუშაობს რუსი კორუმპირებული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ,“ - ამბობს ბრიტანელი იურისტი, ანგარიშის ავტორი, ჯეფრი რობერტსონი.