ასადის რეჟიმის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით მიღებული კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება - ეს განცხადება გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს აღიარებასთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. კახა იმნაძის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკანონო გადაწყვეტილება ასადის რეჟიმმა, რუსეთის დავალებით მიიღო - რითაც სირიამ საქართველოს წინააღმდეგ
რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ასადის რეჟიმმა, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ამჟამად რუსეთის უკანონო სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და მათი აღიარება ასადის რეჟიმის რუსი მფარველების მიერ იყო დაგეგმილი. ამ ქმედებით სირიის რეჟიმმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში აქ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შეაფასოს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება და საპასუხოდ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას," - აცხადებს კახა იმნაძე.