20 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანს გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა

სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. ნიკოლ ფაშინიანი თბილისს დღეს ეწვია. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის წევრებმა პრემიერს ოფიციალური დახვედრა მოუწყვეს, რის შემდეგაც სტუმარს მისმა ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა.   

პირისპირ შეხვედრის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სომხეთის სტაბილურობა და განვითარება  მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სომხეთის სტაბილურობა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდის მოვლენებს. სომეხმა ხალხმა გამოავლინა ერთობის და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რის შედეგადაც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები გისურვოთ,“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის პრეზიდენტის მონაწილეობა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, არის იმის დასტური, რომ სომხეთს სურს, საქართველო ძლიერი ქვეყანა იყოს.

„სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ჩვენთვის ისტორიული და ადამიანური საფუძველი აქვს. ჩვენი ხალხები ღრმა ფესვებით არიან დაკავშირებულნი და ეს კავშირი განუყოფელია. სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა. ეს გამოხატავს არა მხოლოდ ჩემი ხალხის, არამედ ჩემს პირად დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ. გულწრფელად გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. ჩვენმა ქვეყანამ საიუბილეო ღონისძიებებში პრეზიდენტის დონეზე მიიღო მონაწილეობა, რაც იმის დასტურია, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ამ თარიღს. დარწმუნებული ვარ, რევოლუციის შედეგად, სომხურ-ქართული ურთიერთობები განვითარების დიდ პერსპექტივას შეიძენს. ახალი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გავაღრმავოთ და მეგობრული ფონი შევქმნათ. ჩვენ გვინდა, საქართველო ვიხილოთ ძლიერი და მდგრადი,“- განაცხადა ფაშინიანმა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები შედგება.

 

დღის ამბები