არაადეკვატურად და შეურაცხმყოფელად აფასებენ პრემიერის მხრიდან ამ მიმართვას ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მათი თქმით, კვირიკაშვილის გამოსვლამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, თუ რამდენად უუნარო და მავნებელია ხელისუფლება. მათი აზრით, გიორგი კვირიკაშვილს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იმ ფაქტზე, რის გამოც გამოვიდა ხალხი ქუჩაში, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ სისტემა შესაცვლელია.
"დღეს საუბარი იმაზე, რომ ეს ადამაიანები რომლებიც მოვიდნენ პარლამენტის შენობასთან და ითხოვენ სამართლიანობას, არის პოლიტიკურად მართული პროცესი, არის უბრალოდ შეურაცხყოფა ამ ხალხის იმიტომ, რომ იქ არიან მისული ადამიანები, რომლებიც ჩემი პირადად ბევრი ნაცნობი იყო ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერი დღევანდელი ხელისუფლების,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
მიმდინარე მოვლენებში პრემიერის პასუხისმგებლობასა და დანაშაულზე საუბრობს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე და აცხადებს, რომ კვირიკაშვილისა და მთავრობის ქმედებები დანაშაულებრივი და უსუსურია.
"პრემიერის განცხადებამ, როგორც აქციაზე მისვლამ და მერე ცალკე ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ეს ხელისუფლება არის მავნებლური ამავე დროს უსუსურიც იმიტომ, რომ არცერთ სიტყვაში არ ჩანდა პრემიერის რომ ის იზიარებს, იაზრებს და ხვდება რამდენად დამნაშავეა ამ პროცესში. პრემიერის განცხადება ამ პროცესთან მიმართებაში არის სრულიად არაადეკვატური,"-აცხადებს ხათუნა სამნიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური კი აცხადებს, რომ პრემიერის განცხადებები არის შეურაცხმყოფელი.
"მე მგონია რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ შეუხედავს ტელეეთერებისთვის და არ იცის რომ არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა რეგიონებშიც არიან ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ,"-აცხადებს ეკა გიგაური.