„შემაშფოთებელია ის გამოსვლა, რაც ჰქონდა პრემიერ კვირიკაშვილს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა გააკეთა.
რატიანის თქმით, პრემიერმა ნაცვლად მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრისა, ყოფილ მთავარ პროკურორს მადლობა გადაუხადა.
„იმის მაგივრად, რომ ეღიარებინა მისი ხელისუფლების, მისი მთავრობის პასუხისმგებლობა და მარცხი, ფაქტობრივად, ამის მაგივრად, ჩვენ ვხედავდით, რომ მადლობა გადაუხადა მთავარ პროკურორს და ვხედავდით, როგორ ცდილობდა ის, დაეცვა მუნდირის ღირსება, მუნდირი, რომელიც აღარ არსებობს და დახეულია, ეს მათ გააკეთეს, „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოშალა ინსტიტუტები,“ - განაცხადა რატიანმა.
გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება პარლამენტის წინ გამართული აქციიდან წასვლის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. აქციის მონაწილეებმა მას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
პრემიერის თქმით, შს მინისტრი უხელმძღვანელებს ხორავას ქუჩის გამოძიების საქმეს.