მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევა საზოგადოების ჩართულობით მოხდება - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა “ქართული ოცნების“ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კონკრეტულ კანდიდატურაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მთავარი პრინციპია ის, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი პირი საზოგადოებაში მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობდეს.
„ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას. ასევე, როგორც შევპირდით საზოგადოებას, იქნება მაქსიმალურად ფართო ეს კონსულტაციები. ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რომელიც იქნება შერჩეული იყოს მაქსიმალური ლეგიტიმაციით საზოგადოების მხრიდან. პრინციპებზე შევჯერდით მხოლოდ, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატურებს, ამაზე პოლიტსაბჭოზე ჯერ არ ყოფილა მსჯელობა. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იმსჯელებს პოლიტსაბჭო, როდესაც მთავრობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის გაეგზავნება კონკრეტული კანდიდატურა,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავარი პროკურორის დამტკიცების პროცედურები კი ირაკლი კობახიძემ განმარტა.
„იუსტიციის მინისტრი კონსულტაციების საფუძველზე შეარჩევს კანდიდატურებს. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს უკვე საპროკურორო საბჭო და მხოლოდ ამის შემდეგ მთავრობა ამტკიცებს კანდიდატურას და ეს დამტკიცებული კანდიდატურა შემოდის საქართველოს პარლამენტში,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.