20 ნოემბერი 2024,   05:10
ვრცლად
არაღიარების პოლიტიკა - ოპოზიციას საგარეო უწყებასთან მწვავე კითხვები აქვს 

სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დეპუტატებს კითხვები საგარეო უწყებასთან აქვთ.

კანონმდებლებს აინტერესებთ რას აკეთებს საგარეო უწყება არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად. დღეს პარლამენტში ამ საკითხებზე განმარტებების გასაკეთებლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ელოდებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ სირიის მიერ აღიარება პრობლემას არ უქმნის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას.

„არანაირად არ უქმნის საფრთხეს სირიის ეს მცდარი ქმედება არაღიარების პოლიტიკას. ამას არ განვიხილავთ, როგორც საფრთხეს არაღიარების მიმართ. საკომიტეტო მოსმენა დაგეგმილიც გვქონდა და სამომავლო გეგმებზეც გვექნება საუბარი“-აცხადებს ქაცარავა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგი კაპანაძე კი აცხადებს, რომ ამ კუთხით სერიოზული პრობლემები არსებობს. სერგი კაპანაძეს აინტერესებს არაბული ლიგის წევრ სახელმწიფოებთან რა სამუშაოები მიმდინარეობს, რომ არ მოხდეს მათი მხრიდანაც აღიარება.

„რას აკეთებენ ახლა იმისთვის, რომ ეს ცუდი შედეგი იყოს ნიველირებული, მაგალითად მოხდეს დაგმობა იგივე არაბული ლიგის სახელმწიფოების მიერ.

მაგალითად, ვმუშაობთ თუ არა იმ კუთხით, რომ არაბულმა ლიგამ თქვას სირიაზე, რომ მას არ აღუდგება მონაწილეობა არაბულ ლიგაში სანამ უკან არ წაიღებს აღიარებას. როგორ ვმუშაობთ სირიის ოპოზიციასთან, რომელსაც ბევრი ქვეყანა აღიარებს, როგორც სირიის ლეგიტიმურ მმართველს. მნიშვნელოვანია გავიგოთ, მუშაობს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით და თუ არ მუშაობს რატომ“-აცხადებს კაპანაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი ჩავარდნაა.

სალომე სამადაშვილის თქმით, საინტერესოა, როგორ მუშაობს ხელისუფლება იმისთვის, რომ არაბული ლიგის სხვა წევრებმაც არ აღიარონ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა და დაგმონ სირიის ქმედება. სამადაშვილს კითხვები აქვს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებითაც. 

„ერთ-ერთი მთავარი ჩავარდნა საგარეო საქმეთა სამინსიტროს მუშაობაში იყო ის ,რომ რა თქმა უნდა კარგია რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა დაგმეს სირიის გადაწყვეტილება, მაგრამ არაბული ლიგის არცერთ სახელმწიფოს ეს გადაწყევტილება არ მიუღია შესაბამისად ეს აჩენს ძალიან ბევრ შეკითხვას, არსებობს თუ არა და რეალურია თუ არა ეს საფრთხე.

ერთ-ერთი გამოწვევა ასევე არის ის თუ რას გეგმავს რუსეთი და აპირებს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელოს ის პოლიტიკა რაც ჰქონდა რუსეთთან როცა ვხედავთ, რომ რუსეთი ამას პასუხობს სწორედ იმ ნაბიჯებით, როგორიცაა სირიის მიერ ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება“- აცხადებს სალო0მე სამადაშვილი.

დღის ამბები