„თეა წულუკიანი დაუყოვნებლივ სახლში უნდა წავიდეს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გააკეთა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, თეა წულუკიანმა ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, გადადგომის შემდეგ ის პროკურორები გაამხნევა, ვინც ხორავას საქმის გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვაში მონაწილეობდნენ.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ახალი მთავარი პროკურორი მმართველი პარტიის ზეგავლენის ქვეშ არ უნდა იყოს.
„ამ ვითარებაშიც ქალბატონმა წულუკიანმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი, როდესაც მან დაიცვა ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, როდესაც მან გაამხნევა, ასე ვთქვათ, პროკურორები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიების საქმის არევ-დარევაში და მტკიცებულებების განადგურებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი დაუყოვნებლივ სახლში უნდა წავიდეს და სწორედ ამიტომაცაა საჭირო, რომ ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მთავარი პროკურორი, რომელიც თავისუფალი იქნება მთავრობის, ქართული ოცნების ზეგავლენისგან,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ევროპულმა საქართველომ მთავარი პროკურორის კანდიდატურად შალვა შავგულიძე დაასახელა, რომელმაც ამ თანამდებობის დასაკავებლად მზადყოფნა გამოთქვა.
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა იუსტიციის მინისტრმა უკვე დაიწყო და მან პარლამენტს კანდიდატურა ერთ თვეში უნდა წარუდგინოს.