22 დეკემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ირაკლი შოთაძის გადადგომა სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივია - წულუკიანი შოთაძეს არ ეთანხმება 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის გადადგომას ეხმაურება. თეა წულუკიანის თქმით, ირაკლი შოთაძის გადადგომა ნეგატიური მოვლენაა.

მინისტრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ირაკლი შოთაძემ არ გაიზიარა მისი რჩევა არგადადგომასთან დაკავშირებით.

„ირაკლი შოთაძის გადადგომა, რომ სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივია, ამას დრო აჩვენებს ძალიან კარგად.

მათგან განსხვავებით, ვინც ამას ითხოვდა, ვიცი რაზე ვსაუბრობ - მიმუშავია მასთან და ვიცი.

მის ამ გადაწყვეტილებას მე არ ვეთანხმები, იცის, ვუთხარი, არ გაიზიარა.

მსურს, მადლობა გადავუხადო მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურა იჩენდა ყველა სამართლებრივი პროგრესული იდეისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად. ტრაფარეტულად ჟღერს? აბა, მე მკითხეთ შოთაძემდე პროკურატურაზე ამბებს მოგიყვებით ბევრს.

მსურს მადლობა გადავუხადო მას ასევე იმისათვის, რაც მან რამდენიმე წუთის წინ მითხრა - გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ. იმედი მაქვს მეც.

დამოუკიდებელი სასამართლო გვინდაო. დღეს დამოუკიდებელმა მოსამართლემ პროკურორის პოზიცია ასი პროცენტით არ გაიზიარა და ამიტომ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის „თავი“. ეს სისტემურად არასწორია. რას ვეუბნებით პროკურორებს ამით? - ოდნავ თუ ვინმე მოგეჩვენა დამნაშავედ, დააკავე, აიძულე, მოგცეს ჩვენება, თორემ მოსამართლემ თუ ბრალდებული გაგიმართლა, საზოგადოება შენს თავს მოითხოვს?

ახლა კი მინდა მივმართო საჯაროდ საქართველოს ყველა პროკურორს: მე თქვენ გენდობით. მინდა, გენდობოდეთ მომავალშიც და ამიტომ გთხოვთ, არაფრის ფასად არ დაყაროთ ფარ-ხმალი, რადგან ჩვენ ცუდი წარსული გვინახავს ერთად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროგრესის გზაზე სიარული.

ამიტომაც, მანამ სანამ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჩვეული სიდინჯე და მიუხედავად ყველაფრისა, გჯეროდეთ, რომ დაზარალებულმა იცის, რამხელა ჯაფა გადადგათ. მაგრამ დაზარალებულს არ მოსთხოვოთ, არ ჰქონდეს ემოციები,“ - აღნიშნულია თეა წულუკიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები