20 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
მნიშვნელოვანი ტესტი, რომელსაც პარლამენტმა უნდა უპასუხოს - მესამე სექტორი მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

მესამე სექტორი ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, საკმაოდ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაზეც პასუხები პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გასცეს.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, რომ მესამე სექტორის მოთხოვნები ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. გიორგი კლდიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად გაიზიარებს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობოების მოთხოვნას, იუსტიციის მინისტრის გადაყენებასთან დაკავშირებით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა, რომელსაც პარლამენტმა უნდა უპასუხოს. იყო სხვა მოთხოვნებიც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, არ ვიცი, ის რამდენად იქნება გაზიარებული პრემიერის უკანასკნელი განცხადებით, ის არ აპირებს სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის გადაყენებას,“ - განაცხადა კლდიაშვილმა.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ პროგრამების დირექტორი, ლევან ავალიშვილი იუსტიციის მინისტრის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს და ამის ერთ-ერთ არგუმენტად სასამართლო სექტორში არსებული პრობლემები და სამომავლოდ გასატარებელი რეფორმები მოჰყავს.

„ეს მოთხოვნა უკავშირდება იმას, რომ სისტემური რეფორმები აუცილებლად გასატარებელია სასამართლო სექტორში, პროკურატურის სექტორში და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა, იმიტომ, რომ უკვე 6 წელია, ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და როგორც ჩვენ ვნახეთ სწორედ პროკურატურის შემთხევაში შედეგი ვერ დადგა, ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლოში შედეგი ვერ დადგა და კვლავ ის ძველი მოსამართლეები ხელმძღვანელობენ სასამართლო პროცესებს, ანუ ჩვენ ვხედავთ იუსტიციის საბჭოში რა ხდება და ამაზე, რა თქმა უნდა, იყოს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი დაიწყოს ახლიდან,“ - განაცხადა ლევან ავალიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან და შემდეგ გამოძიებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. მოზარდების მკვლელობის საქმეზე ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ პირველ დასკვნაში სერიოზულ დარღვევებზეა საუბარი.

მესამე სექტორი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიების წინაპირობად იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ასახელებს.

დღის ამბები