20 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
საზოგადოებას 10 რიცხვამდე და უფრო ადრეც მივაწვდით ინფორმაციას - შს მინისტრის მოადგილე მოზარდების მკვლელობების გამოძიებაზე საუბრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე ხორავას ქუჩის მკვლელობების საქმეზე სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ პირველ დასკვნას ეხმაურება. ომბუდსმენი დასკვანაში გამოძიების მსვლელობისას გამოკვეთილ სერიოზულ ხარვეზებზე საუბრობს.

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ომბუდსმენმა დაიწყო საქმის შესწავლა, თუმცა, ჯერ არ დაუსრულებია მასალების შესწავლა, შესაბამისად, ნინო ჯავახაძისთვის გაუგებარია წინასწარი დასკვნების გამოტანა.

ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შსს-ში მიმდინარე გამოძიება ხორავას ქუჩის საქმეზე იმ პირებს იკვლევს, ვინც შესაძლოა გამოძიების მსვლელობაზე გავლენა მოახდინეს.

ნინო ჯავახაძე აღნიშნავს, რომ 10 ივნისამდე, მანამ მოკლული დავით სარალიძის მამის ულტიმატუმის ვადა ამოიწურება, შსს საზოგადოებას გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.

„გამოძიება მიმდინარეობს შსს-ში, გამოძიება, რომელიც დაწყებულია რამდენიმე თვის წინ, მიმდინარეობს. ეს გამოძიება მიმართულია იმ პირების გამოსაკვეთად, რომელმაც რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინა პროცესის მონაწილეებზე, იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვაგვარი გავლენები და რაღაც პროცესში გავლენა მოახდინა პროცესში მონაწილეებზე. კონკრეტულ პირებზე არ ვისაუბრებ, თუმცაღა თუ გამოვლინდა ასეთი პირები, აუცილებლად, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ საზოგადოებას აუცილებლად 10 რიცხვამდე და შეიძლება უფრო ადრეც, მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობასა და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში მონაწილე პირების დასჯას 10 ივნისამდე ითხოვს.

დღეს სახალხო დამცველმა ხორავას ქუჩის საქმეზე პირველი დასკვნა გაასაჯაროვა. ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიებაში სერიოზული ხარვეზების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი.

დღის ამბები