20 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია - ოპოზიცია იმედოვნებს, რომ დოკუმენტი რუსეთის მიმართ კრიტიკული იქნება 

საქართველოსთან დაკავშირებული დებატები ევროპარლამენტის სესიაზე და სამზადისი რეზოლუციის მისაღებად - ქართველი დეპუტატები მოლოდინებზე საუბრობენ.

როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, ამ ექვსი წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალობა დაკარგა. მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთთან მიმართებაში მკაცრი იქნება.  

„სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო კარგავს აქტუალობას საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ არის საკმარისად პრინციპული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. ისინი ატარებენ მაამებლურ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან და ეს შემდგომ აისახება ჩვენს პოზიციებზე საერთაშორისო მიმართულებით.

მე მაინც იმედი მაქვს, რომ ის რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს იქნება კრიტიკული რუსეთის მიმართ, რომ ის ძალიან ნათლად ახსენებს იმას, რომ უნდა დაისაჯონ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელები. რომ ის  ისაუბრებს იმ დეოკუპაციის მოთხოვნებზე რაც საქართველოს აქვს უკვე მრავალი წელია,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

სუსტ საგარეო პოლიტიკაზე აკეთებენ აქცენტს „ევროპულ საქართველოში“. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა გზა, რათა საქართველომ არ დაკარგოს აქტუალურობა საერთაშორისო საზოგადოებაში.

„ეს რეზოლუციაც ამას ემსახურება უბრალოდ ახლა ამ ექვსწლიანი სიჩუმისა და არასწორი საგარეო პოლიტიკის გამო ბუნებრივია, ჩვენ გაცილებით უკანდახეული პოზიციიდან გვიწევს საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია დღის წესრიგში ვიდრე იქნებოდა იმ შემთხვევაში თუკი ქართული ოცნება ხელისუფლების გადაბარების დღიდან იმავე დონეზე შეინარჩუნებდა ჩვენს საკითხს საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც მანამდე იყო“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები