21 დეკემბერი 2024,   18:46
ვრცლად
გზებზე 1100 კამერიდან დიდი ნაწილი არ მუშაობს - აუდიტმა გზებზე გამოვლენილ დარღვევებზე პოლიციის რეაგირება შეისწავლა

1100 საკონტროლო ვიდეოკამერიდან დიდი ნაწილი ბუტაფორიაა. შემოწმების შემდეგ აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ საქართველოს გზებზე დამონტაჟებული კამერები ტექნიკურად გაუმართავია ან საერთოდ არ მუშაობს. იმ ვიდეოკამერებიდან კი, რომელიც ჩართულია, მხოლოდ მცირე ნაწილს აკონტროლებენ და პოლიციის ოპერაციების ცენტრს ძირითადი ნაწილი უმეთვალყურეოდ რჩება.

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ადასტურებენ, რომ 1100 კამერიდან დიდი ნაწილი არ მუშაობს, თუმცა ასევე ამბობენ, რომ კამერების შეკეთება ხდება.

იმისთვის, რომ შსს-მ სრულად გააკონტროლოს ქვეყნის ქუჩები, 3000 ჭკვიანი კამერა სჭირდება, ჯერ მხოლოდ 100-მდე კამერაა ნაყიდი და დახარჯულია შვიდ მილიონ ლარზე მეტი, დანარჩენის შესაძენად პოლიციას ფულს ფინანსთა სამინისტრო არ აძლევს. ამბობენ, რომ საკმარისი თანხა არ აქვთ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გზებზე გამოვლენილ დარღვევებზე საპატრულო და სამხარეო პოლიციის რეაგირება შეისწავლა.

დასკვნის მიხედვით, პოლიცია სათანადოდ აღჭურვილი არ არის, არ აქვთ სიჩქარის მზომი რადარები. ისინი ვერ ახდენენ დარღვევებზე ეფექტურ რეაგირებას. ხშირ შემთხვევაში კანონდამრღვევებს არ აჯარიმებენ. დასკვნის მიხედვით, ასევე, სუსტია ჯარიმების ამოღების აღსრულების მექანიზმი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დამრღვევ მძღოლთა 25-30% დაკისრებულ ჯარიმას არ იხდის.

დოკუმენტის მიხედვით, მძღოლებს ხშირად, ან ძალიან ხშირად უწევთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუმცა იშვიათად ჯარიმდებიან. ამ ფაქტს თავად მძღოლებიც არ უარყოფენ.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები