საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ - ამ თემაზე ევროპალამენტში დღის ბოლოს დებატები შედგა. პლენარულ სხდომაზე სპეციალური განცხადება ევროკომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ, გააკეთა. ხვალ კი ევროპელი დეპუტატები უკვე ამავე საკითხზე რეზოლუციას უყრიან კენჭს - მასში 20 პუნქტია და ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთმა ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს. დოკუმენტში ცალკე თავი ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეს და სანქციების დაწესების საკითხს ეთმობა. რეზოლუციას ყველა პოლიტიკური ჯგუფი ემხრობა. დეპუტატები დარწმუნებული არიან, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით რუსეთი საპასუხო ზომებს აუცილებლად მიიღებს.
"რეზოლუციაში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ როდესაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ რუსეთის მიერ საერთშორისო კანონმდებლობის დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამ რეზოლუციით ევროპარლამენტმა გამოხატა საკუთარი ერთგულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის სხვა სტრუქტურებსაც ევროპარლამენტის მიერ დაწყებული პროცესი გააგრძელონ და სამომავლოდ, რუსეთს ქმედებების განსაზღვრისთვის მსგავსი ენა გამოიყენონ,"-აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი, საჯად კარიმი.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებმა ნათლად დაინახეს, რომ საქართველო შესაძლოა გახდეს კარგი მაგალითი იმისათვის, რომ მსგავსი ქმედებები აღარ განმეორდეს სხვა ქვეყნებში. მისი თქმით, ევროკავშირი ყველა პრობლემას მკაფიოდ ხედავს.
"ბევრი დეპუტატის, ბევრი ჩვენი კოლეგის მოსაზრება იყო, რომ კიდევ უფრო აქტიურ ქმედებებზე უნდა გადავიდეს ევროკავშირი, კიდევ უფრო კონკრეტული უნდა იყოს და კიდევ უფრო მკაფიო რომ ხელი შეუშალოს რუსეთს თავისი აგრესიული პოლიტიკის განხორციელებაში," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.