გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა ვაშინგტონში. შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვეცი აცხადებს, რომ დემოკრატია წინ ვერ წავა, როდესაც ერთი ადამიანის უკმაყოფილების გამო პოსტებს მთელი მთავრობის წევრები ტოვებენ.
ყოფილი დიპლომატის შეფასებით, მოულოდნელი ცვლილებები არასასურველია სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირებისთვისაც, რადგან ახალ გუნდს დრო დასჭირდება, ვიდრე ამერიკელ კოლეგებთან საქმიან ურთიერთობას დაამყარებს.
„არ მიყვარს შიდა პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა მინდა ძირითადად შევეხო საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესს, რაც ამ კონტექსტში დიდ იმედგაცრუებად მიმაჩნია. საპარლამენტო სისტემაში მთავრობის გადადგომა პარლამენტში ნდობის დაკარგვის გამო ხდება და არა როდესაც გარეშე პირი ამბობს, რომ მას მთავრობის მიმართ ნდობა აღარ აქვს. წუხილი, რომელიც მაქვს და ადრეც ბევრჯერ დამიწერია, არის მესიებთან დაკავშირებული - დიდი ფიგურების გამო, ქართულ პოლიტიკაში და საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ, ასე ხდება.
მაშფოთებს ის, რომ ერთი ადამიანი განსაზღვრავს, უნდა დარჩეს თუ არა მთავრობა. მესმის, რომ კვირიკაშვილის მთავრობა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა დემონსტრაციების და იმის გამოც, რომ ეკონომიკური ზრდა იმდენად კარგი არ ყოფილა, როგორც ხალხს სურდა,”- აცხადებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი.
შეფასებებს აკეთებს “ოფენ რაშას” ხელმძღვანელის მოადგილეც. ვლადიმირ კარა-მურზა თვლის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია და ხალხი თავისი უფლების დასაცავად იბრძვის.
მოულოდნელს უწოდებს პრემიერის და მთავრობის გადადგომას საქართველოს საკითხებზე მომუშავე ექსპერტი პოლ ქრიგო. ის ეჭვქვეშ აყენებს პრემიერობის კანდიდატის გამოცდილებას და კითხვას სვამს, თუ რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი ბიძინა ივანიშვილისგან.
გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში მაისში იმყოფებოდა. ის მაიკ პომპეოს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვდა.