„ქართული ოცნება მთლიანად არის აგონიაში, მათ ყველა მიმართულებით აქვთ კრიზისი და კრიზისი აქვთ შიგნით პარტიაშიც. ამას ყველაზე კარგად ხედავენ თავად პარტიის წევრებიც და მიშვებულები არიან პირდაპირ ძალადობაზე,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა ოზურგეთში მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას გააკეთა.
ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრები ძალადობრივად უსწორდებიან განსხვავებული აზრის მატარებელ მოქალაქეებს.
„გუშინ, რაც მოხდა გურიაში, ეს არის სასტიკი ძალადობის გამოვლინება ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მხრიდან, როდესაც ერთ ადამიანს ცალკე კეტავენ თანამდებობის პირები, უსწორდებიან სასტიკად, მათ შორის, რკინის ნაკეთობით უტეხავენ თავს. მთავარი ის არ არის, რასაც „ქართული ოცნება“ ღიად აცხადებს, მთავარია, შიგნით რა დავალებებს იძლევიან და ეს დავალებები მათი მხრიდან სახეზეა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი განსხვავებულ აზრს ატარებს მათი მხრიდან გაუსწორდნენ ძალადობრივად,“ - განაცხადა მელიქიშვილმა.
გუშინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს. რის შემდეგაც ოზურგეთში საპროტესტო აქცია თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ნასაკირალის პოლიციის შენობაში შეჭრას ცდილობდა და ამ ფორმით საკრებულოსთან გამართული აქციის დროს დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვდა.