21 დეკემბერი 2024,   18:47
ვრცლად
იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, იმ ძალადობებზე, რაც ქვეყანაში ხდება - გიორგი ვაშაძე ივანიშვილს მიმართავს

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ქვეყანაში გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე გამოხმაურებისკენ მოუწოდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდი დაუფარავად ძალადობს უკვე ოპონენტებზე და ამის ერთ-ერთი მაგალითია ოზურგეთში საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ გამოვლენილი ძალადობა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" მხრიდან პირდაპირ დაუფარავ ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. რომელიც დაიწყო რუსთაველზე აბსოლუტურად უკანონო დაკავებებით ათეულობით ადამიანის და პარლამენტის წევრის, გაგრძელდა გაუგონარი ძალადობით მარნეულში და გუშინ ჩვენ მომსწრე გავხდით კიდევ ერთი გაუგონარი ძალადობის ოზურგეთის რაიონში, სადაც ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელს თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ამის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ ლიდერები აგრძელებენ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩუგოშვილმა მომხდარში, ფაქტობრივად, ბესო ქათამაძე დაადანაშაულა.

გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის გარდა ძალადობაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს სამოქალაქო სექტორს და ოპოზიციურ პარტიებს.

გიორგი ვაშაძემ ასევე, სახალხო დამცველს მიმართა და მას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

„ქვეყანაში შექმნილი საგანგაშო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ "ახალი საქართველო", როგორც პასუხისმგებელი ოპოზიციური ძალა, პირველ რიგში, მივმართავთ "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, გააკეთეთ პირადად თქვენ განცხადება იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, რა ხდება და იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას პერსონალურად, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმ ძალადობებზე, რაც ქვეყანაში ხდება. მეორე, მივმართავთ სახალხო დამცველს, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოახდინოთ მკაცრი რეაგირება ამ ძალადობებთან დაკავშირებით და ყველა, ქვეყნის შიგნით თუ საგარეო მექანიზმი, თქვენი მეშვეობით იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ეს ძალადობა შეჩერდეს. მესამე, მივმართავთ ოპოზიცური პარტიებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი პოზიცია ამ ძალადობებთან მიმართებაში და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა დავაფიქსიროთ ის მკვეთრი პოზიცია, რაც უნდა ჰქონდეს ოპოზიციურ ძალას „ქართული ოცნების“ ამ უკანონო ქმედებებთან მიმართებაში, რასაც ბოლო დღეებში აქვს ადგილი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები