20 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
სამთავრობო ცვლილებები - განახლებული შემადგენლობა შესაძლოა დღეს დასახელდეს

სამთავრობო ცვლილებები - შესაძლოა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს დასახელდეს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე მთავრობის მომავალ წევრებსა და სამოქმედო პროგრამას პირველ ეტაპზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენს. მოხდება თუ არა ეს დღევანდელ ბიუროზე - მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რეგლამენტის მიხედვით, პრემიერობის კანდიდატს კიდევ რამდენიმე დღიანი ვადა აქვს.

კენჭისყრამდე მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილება.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მხოლოდ საზოგადოების მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ, მინისტრის გადასაყენებლად საკმარისი არ არის. 

„თუ მოესწრება შესაძლებელია, რომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე შემოვიდეს. ქალბატონი თეა ასრულებს თავის მოვალეობას მაღალ დონეზე. საზოგადოება გადადგომას ითხოვს, ეს არ არის არგუმენტი. არგუმენტი არის ის მაგალითად, პირობითად ვამბობ, რომ ამა და ამ საკითხზე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. სავარაუდოდ რაღაც ცვლილებები იქნება, ეს შემიძლია გითხრათ,“-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის მხარდაჭერაზე  უარს აცხადებს ოპოზიცია.  

„თუ დარჩა იუსტიციის მინისტრი, სხვა ძალოვანი მინისტრები და ყველა ის ადამიანი, რომლებმაც მთავრობა ჩააგდეს კრიზისში, მაშინ მთავრობის დამტკიცების მეორე დღიდანვე გაჩნდება მოთხოვნა, რომ გადადგეს ეს მთავრობა,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს კიდევ ერთ უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს „ევროპული საქართველოც“. თუმცა პარტიაში სამინისტროების ოპტიმიზაციას მიესალმებიან.

დღის ამბები