იუსტიციის უმაღლეს საბჭოში P.S-ში გასულ რეპორტაჟს ეხმაურებიან.
P.S-ში გასულ რეპორტაჟს, რომელიც სასამართლო სისტემებზე სუს-ის მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილსა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის გავლენებს ეხება, შეფასებები მოყვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ის აღნიშნულ საკითხს შეისწავლის, თუმცა მიაჩნია, რომ აუცილებელია, ჩანაწერებთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება დაიწყონ.
„რაც მოვისმინე ვიდეო ჩანაწერიდან, ერთი რამ ჩემთვის იყო ცხადი, რომ აქ იყო საუბარი სასამართლოს გაჩერებაზე, ასეთი ტერმინი იყო გამოყენებული, ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო პროცესები ხანგრძლივად ჭიანურდება, არის შემთხვევები, რომ ზოგიერთი მაგალითები, როდესაც საქმე სწრაფად იხილება და არის მაგალითები, როდესაც განუსაზღვრელი ვადით ხდება სასამართლო პროცესების გადადება და გაჭიანურება. ამიტომ, მე ამ ტერმინს გაჭიანურებას დავუკავშირებდი. ვფიქრობ, რომ სასამართლო, რომ დამოუკიდებელი არ არის და სასამართლო, რომ გარკვეული ინტერესების ფარგლებში მოქმედებს, ეს არის ძალიან ცხადი და ჩვენ ამას ვხედავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზეც კი,“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ნაზი ჯანეზაშვილი ღიად საუბრობს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეც. მის მიერ გაკეთებული განცხადებები კი იუსტიციის საბჭოში კრიტიკის საგანი გახდა.
არამოსამართლე წევრი, შოთა ქადაგიძე ნაზი ჯანეზაშვილს ცრუ განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.
„ნაზი ჯანეზაშვილის ინტერესი არის, რომ ყველა საკითხი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს წარმოაჩინოს უარყოფით კონტექსტში, მოახდინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაცია,“ - განაცხადა შოთა ქადაგიძემ.