საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის ფორმალური შემადგენლობა შევა. ამის მიზეზი შემჭიდროებული ვადებია, რომელშიც მთავრობის შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს.
ბახტაძის თქმით, მთავრობის არსებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტში მთავრობა შემცირებული რაოდენობით წარდგება, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტროების რაოდენობის შემცირებას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, რაც მთავრობის დამტკიცების ვადებში ვერ ესწრება.
„საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას, ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავრი პრინციპი მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც თავის თავში გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ სამთავრობო სტრუქტურებს და შემცირებულ მთავრობის ზომას მთლიან ეკონომიკაში.
მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება, ეს რეფორმა რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება.
შედეგად, ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვსდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და მთავრობის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი მთავრობის წევრი აღარ იქნება, ხოლო დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, ეს პროცედურა ხელახლა უნდა გავიაროთ განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად.
დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურამ, შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში გავიაროთ“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერობის კანდიდატის განცხადებით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ახალი სახეები იქნებიან, მთავრობის მცირე კონცეფციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები კი ექვს სამინისტროს შეეხება.