20 ნოემბერი 2024,   05:14
ვრცლად
გამომძიებლები არიან ცოტანი, ამ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა და არა მუდმივი თავში რტყმა - თეა წულუკიანი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს თეა წულუკიანი მიმართავს. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავარი პროკურორის შესარჩევ პროცესზე ისაუბრა. წულუკიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცების გარდა, ქალ კანდიდატებზეც გაკეთდეს აქცენტი, რადგან დაბალანსებული სია იყოს. 

„მინდა, შეგახსენოთ ამ ტრიბუნიდან ყველას, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო სექტორს, ოპონენტებს, მხარდამჭერებს და ყველას, რომ 4 ივლისს იწურება ვადა იმ საჯარო კონსულტაციებისა, რომელიც ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატის შესარჩევად მიმდინარეობს. გთხოვთ, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოთ. ჩათვალეთ, ეს მოწოდება არის საჯარო მოწოდება, რომელიც ეხება ყველას და ყველაში ვგულისხმობ აბსოლუტურად ყველას,“- აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა პროკურორებს. მან 2015 წელს პროკურატურაში შექმნილ სპეცდეპარტამენტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს წართმეული 45 მილიონის ქონება დააბრუნეს.

„2015 წლის თებერვალში შეიქმნა ე.წ. სპეცდეპარტამენტი მთავარ პროკურატურაში, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ფარგლებში 434 საქმეს იხილავს, 100-ზე მეტი ყოფილი ხელისუფლების ჩინოსანი თუ მაღალჩინოსანი არის მსჯავრდებული, ხოლო პასუხისგებაში მიცემული ბევრად მეტი. მსჯავრდებულებში არიან როგორც ყოფილი მინისტრები, ყოფილი პრეზიდენტი... კრიტიკა არის ხანდახან სწორი, უადგილო, მაგრამ ადვილი. საქმის კეთება არის ძნელი. 434 მიმდინარე საქმეა, მუშაობს მხოლოდ 8 გამომძიებელი პლუს რვა პრკურორი, რომელიც ამ ზღვა საქმეს უძღვება. მე უკვე მქონდა პრემიერობის კანდიდატთან ამასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ამ სპეცდეპარტამენტს დიდი ფინანსური დახმარება სჭირდება, რომ მათ იმუშაონ უფრო სწრაფად. მიუხედავად ამ მწირი რესურსისა, დღეს სპეცდეპარტამენტს სამი წლის თავზე შემდეგი შედეგები. რაც შეეხება წინა ხელისუფლების პირობებში წართმეული ქონებების დაბრუნებას, დაბრუნებულია 45 მილიონის უძრავ-მოძრავი ქონება. 80-მდე მანქანაა დაბრუნებული, 26 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები, ერთი ღვინის ქარხანა, შოვის პანსიონატის ტერიტორია, 6 ბინა, 2 აგარაკი, რამდენიმე საოფისე ფართი, 2 თვითმფრინავი, 13 შვეულმფრენი, ერთი წიგნი, ერთი იარაღი... არის ეს ცოტა? იმ თვითნებობასთან შედარებით, რის მოწმენიც ვიყავით, ალბათ, არის ცოტა, მაგრამ გამომძიებლებიც არიან ცოტანი, ამ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა და არა მუდმივი თავში რტყმა და ფინანსური მხარდაჭერა, რომ მათ შეძლონ უფრო კარგად და სწრაფად მუშაობა,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

დღის ამბები