20 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
მადლობა ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისთვის - პრეზიდენტი 

ტალინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

საზეიმო მიღებას ესტონეთის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური მისიების, საქმიანი წრეების და ასევე ესტონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ისტორიულ მეგობრობაზე, რომელიც ესტონელ და ქართველ ხალხს აკავშირებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ გაჭირვებაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო ამაღელვებელია, როდესაც ერთად ვზეიმობთ და ერთმანეთს საუკეთესო ემოციებს ვუზიარებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის. ასევე მადლობა თქვენ, რასაც ევროპის და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის აკეთებთ.
მე უზომოდ მოხარული ვარ დღეს ამ ქალაქში ყოფნით და შესაძლებლობით, რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ მეგობრებს იმისთვის, რასაც ისინი საქართველოს მხარდასაჭერად აკეთებენ ასი წლის წინ და რასაც აკეთებდნენ ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდის იმ გამორჩეული თანადგომისათვის რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს ესტონეთის მხრიდან.

"ქართველები და ესტონელები საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. ეს ხედვები აისახება ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით - თავისუფლების სიყვარული. ჩვენ მზად ვართ საკუთარი თავი და სიცოცხლე სრულად მივუძღვნათ ამ ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ და საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას, შეუძლებელია, რომ პატივს არ სცემდეს მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავისუფლებას, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, რადგან ეს ღირებულება უნივერსალურია და აერთიანებს ადამიანების გულებს და ემოციებს, “ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები