21 დეკემბერი 2024,   18:50
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე და მირზა სუბელიანის ბრალეულობა - სარალიძის ადვოკატი საქმის დეტალებზე საუბრობს

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს  ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემაც უპასუხა.

ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილი კომისიის წევრებს ადვოკატი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შემხებლობასთან დაკავშირებით ესაუბრა.

ადვოკატის განცხადებით, გამოძიებას მირზა სუბელიანი გამოკითხვაზე არ დაუბარებია, მაშინ, როდესაც საქმესთან მისი შემხებლობა იკვეთებოდა. ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანს თენგიზ კალანდიასთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელსაც ბრალი უკვე ჰქონდა წარდგენილი ხორავას ქუჩის საქმეში.

„მირზა სუბელიანის მეუღლე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ტოვებს მანქანას ბავშვთან ერთად. ამის შემდეგ, ბავშვისგან დამოუკიდებლად, ეზოდან გამოდიან მირზა სუბელიანი და ოჯახის სრულწლოვანი წევრი, რომელიც დრეს ბრალდებული არის, ერთად გამოდიან ეზოდან და ზუსტად ერთ წუთში, ტოვებს ეზოს ის ავტომანქანა, რომელშიც გადამალვის მიზნით იმყოფებიან გ.ჯ. და მიხეილ კალანდია.

„თენგიზ კალანდია და მირზა სუბელიანი ერთად მოძრაობენ ამ დროს. მაშინ, როდესაც თენგიზ კალანდიას ბრალი ჰქონდა უკვე წარდგენილი, ამ კადრებით კი ნათლად დასტურდებოდა, რომ სწორედ ერთი და იმავე ქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას და აქვე ხდებოდა იმის განმარტება, რომ იმდენად არ იყო შემხებლობაში მირზა აღნიშნულ საქმესთან, იმდენად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რომ მის მიმართ გამოძიებას კითხვები არ ჰქონდა. ამ დრომდე, ამ კადრების გასაჯაროებამდე კი არა, განაჩენის დადგომამდე, მირზა სუბელიანი გამოკითხულიც არ ყოფილა საქმეში.

"თუ იქნებოდა ჩატარებული თუნდაც გამოკითხვა, რომელიც ნათელს მოჰფენდა იმ ფაქტს, რომ მირზა სუბელიანს არანაირი წვლილი არ მიუძღვის ამ საქმეში და მან არაფერი არ იცოდა, შესაძლებელია, ჩვენც არ გაგვჩენოდა ამდენი კითხვა და ჩავთვლიდით, რომ გამოძიება იყო სრულყოფილად წარმართული  ამ ნაწილში, მაგრამ ჩვენ ასეთი ქმედებები ნამდვილად ვერ დავინახეთ,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის დაკითხვის დროს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კითხვას შემდეგ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. მამუკა მდინარაძე ადვოკატის მიმართ დასმული კითხვის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ელენე ხოშტარიას რეაქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საქმის გამოძიებას კრიტიკულად მიჰყვება.

ამის საპასუხოდ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის კითხვებთან დაკავშირებით მათ რეაქციებს ვერავინ შეზღუდავს.

„ქალბატონი ელენეს სხეულის მოძრაობები, როგორც რეაქცია ბატონი მამუკას დაკითხვის ხაზზე, თქვენი გასაკონტროლებელი არ არის. თუ თქვენ სწორად ვარაუდობთ, ჩვენ რა რეაქცია გვაქვს თქვენს კითხვებზე, სწორად გამოიცანით, მაგრამ მაგ უფლებას ნუ წაგვართმევთ, ვერ წაგვართმევთ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიების მიზნით შექმნილ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მოკლული მოზარდების მშობლებს და მათ ადვოკატებს უსმენენ.

დღის ამბები