20 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს წარადგენს

ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს მთავრობა პირველ სხდომას მართავს.

სწორედ დღეს წარადგენს მამუკა ბახტაძე ოფიციალურად მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს. მთავრობის სხდომაზე მისი განხილვისა და დამტკიცების შემდეგ კი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება.

პროცედურის მიხედვით, დეპუტატები სამინისტროების გაერთიანების საკითხზე დაჩქარებული წესით იმსჯელებენ. დაიწყება მსჯელობა მინისტრთა კანდიდატებზეც.

„დაგეგმილია ასევე კონსულტაციები კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა პირველ რიგში პრემიერი მინისტრი, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება აწარმოოს მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები და კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სამინისტროების ამ სახით გაერთიანებას საზოგადოების მოტყუების მცდელობად აფასებს ოპოზიცია.

„ეს არის მავნებლობა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამას წინ უნდა აღვუდგეთ როგორც შეგვიძლია იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილებები. განსაკუთრებით არ მომწონს კულტურის და განათლების შერწყმა, მაგრამ ასევე ცუდია ინფრასტრუქტურის შეყვანა დევნილების სამინისტროსი,“-ამბობს ენმ-ს წევრი ნიკა რურუა.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ თუ ცვლილებები მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება, მაშინ სამინისტროების გაერთიანება-შემცირებას, აზრი არ აქვს.

„მთავარი ამ ცვლილებებში არის არა ის, რამდენი სამინისტრო იქნება და მდივანს ვის დაარქმევენ და მინისტრს, მთავარი ის არის, ეს როგორ აისახება ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუ გადასახადები იგივე დარჩება, თუკი მათი მდგომარეობა არაფრით შემსუბუქდება, რა თქმა უნდა ამ ცვლილებას არანაირი აზრი არ ექნება,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.

დღის ამბები