მთავარ პროკურორზე მსჯელობას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, 9 ივლისიდან დაიწყებს. 18 საათში მთავარ პროკურორად წარდგენილი 17 კანდიდატიდან თეა წულუკიანმა სამის შერჩევა უნდა დაიწყოს.
9 ივლისს ასევე ცნობილი გახდება მთავრობის განახლებული შემადგენლობა. შესაბამისად, უცნობია, ქვეყნის ახალ მბრალდებელს თეა წულუკიანი შეარჩევს თუ იუსტიციის ახალი მინისტრი, რომელსაც მამუკა ბახტაძე მის ნაცვლად დაასახელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს მთავრობას საგანგებოდ მიმართეს და რამდენიმე თვით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერება მოითხოვეს.
მთავარი პროკურორობის მსურველი კანდიდატებიდან ქართული ოცნების ფავორიტი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძეა. გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი პირადი ადვოკატი და მისი საპარლამენტო მდივანი იყო, თადუმაძე ნათესაური კავშირი აქვს თეა წულუკიანთან. იუსტიციის მინისტრი პროკურორობის მსურველის შვილის ნათლიაა.
მმართველმა პარტიამ მესამე სექტორის მოთხოვნას კატეგორიულ უარით უპასუხა.
ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ისინი კანონის შეუსრულებლობაზე უარს არ იტყვიან და პროკურორის შერჩევის პროცესსაც კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე ვერ გადადებენ.
არასამთავრობოების მოთხოვნის გაუთვალისწინებლობა ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მორჩილ მთავარ პროკურორის დანიშნავს.
პირდაპირი და კატეგორიული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გიორგი მარველაშვილის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, დღეს ღიად თქვა, რომ თეა წულუკიანის შერჩეულ მთავარ პროკურორს საზოგადოებაში ნდობა საერთოდ არ ექნება.
მთავარი პროკურორობის მსურველებს განაცხადის წარდგენა საპროკურორო საბჭოში ხვალ 6 საათამდე შეუძლიათ. მთავარმა ბრალმდებელმა საბოლოო არჩევამდე რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. ბოლო ეტაპი პარლამენტია, სადაც პროკურორობის კანდიდატს 6 წლის ვადით აირჩევენ.