დეპუტატებმა საპარლამენტო სესიაზე პეტრე დევრიშაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს. რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული პირის მიერ ტენდერის მოგებაზე ოპოზიციის წარმომადგენლები მწვავე შეფასებებს აკეთებდნენ. ოპოზიციის შეფასებით, დევრიშაძის კომპანიის მიერ ძვირადღირებულ ტენდერებში გამარჯვება ძალოვან უწყებებში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. ოპოზიცია ითხოვს, რომ საკითხით პარლამენტი დაინტერესდეს.
„თუ ბატონი დევრიშაძეც ასეთო ერთ-ერთი პიროვნება იყო, რომელიც უსამართლოდ იდევნებოდა, რატომ არ მიმართეთ არაფერ ზომას ქალბატონო ეკა, იმისთვის, რომ ამ ადამიანისთვის მოგეხსნათ ყოფილი ჯაშუშის სტატუსი. დღემდე ეს ადამიანი სარგებლობს ყოფილი ჯაშუშის სტატუსით და დიახ, მოგმართავთ თქვენ, ქალბატონო ეკა, იმიტომ, რომ თქვენ არ ერიდებით მათ შორის, კონსტიტუციის დარღვევას და პარლამენტს იყენებთ იმისთვის, რომ გადაისინჯოს სრულიად უკანონოდ სასამართლოს გადაწყვეტილებები. როგორც ჩანს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არანაირი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პეტრე დევრიშაძე მართლაც არის რუსეთის ჯაშუში, არ ჰქონდა. მათ ასევე არ გააჩნიათ არანაირი დისკომფორტი მასთან თანამშრომლობის,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული პირის მიერ ტენდერებში მოგება კონტრდაზვერვის სამსახურის ჩავარდნაზეც მიუთითებს.
„ფაქტია, რომ ჩავარდნაა, პირველ რიგში, კონტრდაზვერვის სამსახურის. თუ თავდაცვის სამინისტრო, რაშიც ეჭვი მეპარება, რომ თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თითქოს არ იცოდნენ პეტრე დევრიშაძე ვინ იყო, რაზე იყო გამართლებული. ეს არის ტყუილი, ძალიან კარგად იცოდა იზორიამ, მისმა მოადგილეებმა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თენგიზ გუნავამ.
პეტრე დევრიშაძის კომპანიის მიერ ტენდერების მოგების საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები ძალოვან უწყებებთან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს აქვთ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი გააკრიტიკა, რომელმაც დევრიშაძის სკანდალთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა უკიდურესი პასუხისმგებლობით უნდა მოეპყროს ამ საკითხს.
„უშიშროების საბჭოს მდივანი რომ დღეს იღვიძებს, ეს არის მთავარი პრობლემა. მთხოვნელის პოზიციაში არ უნდა იყოს. როცა ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი ხარ, ცოტა რაღაც მეტი წონა და ფასი უნდა გქონდეს ადამიანს, საკითხი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ არაერთგვაროვნად აღიქმება საზოგადოებაში და არ არის მართლა სასიამოვნო, როდესაც ასეთ ინფორმაციებს ისმენ. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერის კანონი შეიძლება არ იყოს დარღვეული, მაგრამ ტენდერის კანონის მიღმა ამ ცხოვრებაში სხვა კანონები არსებობს,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.