„ეს არის აბსოლუტურად შეუფერებელი, უღირსი საქციელი დეპუტატის მხრიდან, რომელიც ვერ აკონტროლებს თავს, გადადის პერსონალურ შეურაცხყოფებზე,“ - ასე აფასებს ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია , „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებას.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წევრები კომისიის სხდომის ჩაშლას ცდილობენ.
„ახლა რაც ხდება, ქალბატონი ხოშტარიასა და სხვათა მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად შეუფერებელი, უღირსი საქციელი დეპუტატის მხრიდან, რომელიც ვერ აკონტროლებს თავს, გადადის პერსონალურ შეურაცხყოფებზე, პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებს კომისიის წევრებს, მოწვეულ პირებს. მე მგონია, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ გაცნობიერებული არ აქვთ, რა მანდატი აქვთ, რა უფლებამოვალეობა აქვს ჯერ როგორც დეპუტატს და შემდეგ, როგორც ამ კომისიის წევრს. ისინი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, კანონისადმი უპატივცემულოდ განწყობილი ადამიანები და ამ კომისიას „ევროპულმა საქართველომ“ მართლაც დაუკარგა ის ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი, რისთვისაც ის შეიქმნა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, შსს-ს წარმომადგენლების მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის გამოძიების დროს ძალიან ბევრი კანონდარღვევა დაფიქსირდა. მისივე თქმით, ძალოვანი უწყების თანამშრომლებს საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებზე პასუხი არ აქვთ, ამ დროს კი „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, ეკა ბესელია, ცდილობს კომისიის მუშაობის ჩაშლას და შსს-ს წარმომადგენლებისთვის ხელის დაფარებას ცდილობენ.