არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, მმართველმა გუნდმა 5 წლის განმავლობაში პიარისთვის 160 მილიონი ლარი დახარჯა, საპარლამენტო უმცირესობაში ეხმაურებიან.
„ევროპული საქართველოს“ წევრების შეფასებით, ხელისუფლების პიარისთვის დახარჯული თანხები საკმაოდ დიდია.
მათი თქმით, ქვეყანაში შექმნილი სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლია მთავრობა რეკლამირებისთვის ათეულ მილიონ ლარს ხარჯავდეს.
„გასული 5 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ვერ შეძლო ისეთი ფუნდამენტური პრობლემების მოგვარება ან სიტუაციის გაუმჯობესება, როგორიცაა სიღარიბე საზოგადოებაში, უმუშევრობის პრობლემა, ეკონომიკური პრობლემები თუ კრიმინალის ზრდა. ამის პარალელურად, როდესაც ნათელი ხდება, რომ ხელისუფლება 160 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს 5 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ თითქოს, საზოგადოებას გააცნოს მის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, ეს გარკვეულწილად, ცინიზმია საზოგადოების მიმართ. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ ე.წ. პიარისთვის დახარჯული თანხის დიდი ნაწილი თანამშრომლების ხელფასებს ხმარდება,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.