არჩევნების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი საკადრო წმენდის მეორე ტალღა დაიწყო. სამთავრობო გაზეთის ინფორმაციით, სახელმწიფო სამსახურები 18 ათას მოხელეს დაატოვებინეს. ყველაზე მეტი თანამშრომელი ძალოვანი სტრუქტურებიდან გაათავისუფლეს, მათ შორის 9 ათასამდე ადამიანი შინაგან საქმეთა უწყებიდან გაუშვეს, შეიარაღებული ძალებიდან კი 6 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს. ამას გარდა თურქეთის ხელისუფლებამ 12 არასამთავრობო ორგანიზაციას შეუწყვიტა მუშაობის უფლება; დაუხურა გაზეთები და დამოუკიდებელი ტელეკომპანია. საკადრო წმენდა ისევ 2 წლის წინ მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება, რის შემდეგაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ პირობებში მინისტრთა კაბინეტებს საკადრო წმენდის პოლიტიკის გასატარებლად პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება.