20 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
მთავრობის ახალი შემადგენლობა - პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში იწყება

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დაამტკიცებს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში იწყება.

დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას მამუკა ბახტაძე გააცნობს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

საპარლამენტო უმცირესობასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან დაძაბული შეხვედრების და მწვავე შეკითხვების შემდეგ, ოპოზიცია დისკუსიისთვის უკვე საპარლამენტო სხდომაზე ემზადება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე, მინისტრობის ახალი კანდიდატების გამოსვლით კმაყოფილია, თუმცა, აცხადებს, რომ მთავარია მთავრობის ახალმა შემადგენლობამ დაპირებები შეასრულოს.

„ეს არ ნიშნავს, რომ მე კმაყოფილი ვიქნები მათი მუშაობით, თუ შედეგები არ იქნება ისეთი, რაც დაგვპირდნენ და რასაც ველოდებით ჩვენ. გუშინ, როდესაც გამოვდიოდი, მე ისიც ვთქვი, რომ 5 კი არა, 6 პრიორიტეტი უნდა წარმოედგინა პრემიერმინისტრს და მათ შორის, პირველი ყოფილიყო ენერგეტიკა, ვინაიდან ენერგოუზრუნველყოფის გარეშე ვერცერთი ის ხუთი პრიორიტეტი თუ დაპირება ვერ შესრულდება,“ - განაცხადა რევაზ არველაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის, თქმით, პლენარულ სხდომაზე პარლამენტს პრემიერი მიმართავს და ასევე, შესაძლებელი იქნება მისთვის კითხვების დასმა.

„შემდგომ მოხდება უკვე პარლამენტის წევრთა გამოსვლები, ფრაქციების გამოსვლები, უმცირესობა-უმრავლესობა და ეს პროცედურა დასრულდება შემდგომ პრემიერის დასკვნითი სიტყვით გამოსვლით და ამის შემდგომ უკვე ჩატარდება კენჭისყრა,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობას, სადაც ძალოვანი უწყების პირველი პირები, მათ შორის თეა წულუკიანიც, პოსტებს ინარჩუნებენ, ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

დღის ამბები