20 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
უაზრო ნაბიჯი, უაზრო გადაწყვეტილება - ოპოზიცია ოკუპირებული აფხაზეთის მიერ სიის გამოქვეყნებას აფასებს

ოკუპირებული აფხაზეთის მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის საპასუხო სიის გამოქვეყნებას ოპოზიციის მხრიდან შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ ექნება.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ოკუპირებული აფხაზეთის მიერ შექმნილ სიას "უაზრო ნაბიჯს" უწოდებენ.

"არანაირი ეფექტი, არანაირი გავლენა არ ექნება ამ სიას, ვინც არ უნდა იყოს ამ სიაში მოხვედრილი, საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. არც რაიმე იურიდიული ლეგიტიმაცია ექნება და ზოგადად, არც არანაირი შინაარსი არა აქვს. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად უაზრო ნაბიჯი, უაზრო გადაწყვეტილება. ეს არის მათი უფლება, რომ ასეთი სიები მიიღონ, თუმცა, არანაირი შედეგი, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური და არც საზოგადოებრივი, ამ სიას არ მოჰყვება,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციის შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას დადებითი შეფასება მხოლოდ რუსული აგენტურა შეაფასებს.

„არავითარი აზრი არა აქვს, გინდ ე.წ. პარლამენტმა მიიღოს აფხაზეთში. ეს სია შეიქმნა და ახლა გამოაქვეყნეს, რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს ამას - არაფერი. უბრალოდ, საქართველოში არსებულ რუსეთის აგენტურას გაახარებს და მეტი არაფერი,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის სიის ჩამონათვალში მოხვდნენ მიხეილ სააკაშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, მეგის ქარდავა, დავით კეზერაშვილი, რომა შამათავა, თენგიზ კიტოვანი და სხვები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები