„ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს სიაც გაჩნდა და ამ სიას ჩვენ ანალიზი უნდა გავუკეთოთ,“ - ასე გამოეხმაურა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ადა მარშანია, ოკუპირებული აფხაზეთის მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის საპასუხო სიის გამოქვეყნებას.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის აზრით, სიაში ისიც შეიყვანდა მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს და ასევე გიგა ბოკერიას.
„ომი მიმდინარეობდა, მაშინ ეს ბატონები იყვნენ საქართველოს მმართველები, ამიტომ აფხაზებმა ეს ადამიანები ომთან და იმ დანაშაულებებთან დააკავშირეს, რომელშიც ადანაშაულებენ. ცალკე რომ ავიღოთ, მიხეილ სააკაშვილს, ახალაიას, კეზერაშვილს მეც შევიყვანდი სიაში და აგერ ბატონო, ბოკერია გვიზის ჩვენ პარლამენტში, დამნაშავე,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის სიის ჩამონათვალში მოხვდნენ მიხეილ სააკაშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, მეგის ქარდავა, დავით კეზერაშვილი, რომა შამათავა, თენგიზ კიტოვანი და სხვები.