გიორგი გვიშიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. რუსთავი2-ის ჟურნალისტს საგამოძიებო უწყებაში კითხვებს იმ უცნაური ზარის შესახებ დაუსვამენ, რომელიც მის ტელეფონზე გუშინ ღამით გაისმა.
გამოძიება სუს-ში სწორედ კურიერის ეთერში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
„მას შემდეგ, რაც რეპორტაჟი გავიდა 12:00 საათზე, დაახლოებით, 2 საათისთვის დამიკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც გამოკითხვაზე დამიბარა და მოითხოვა იმ ინფორმაციის მიწოდება მათთვის, რაც მე გამაჩნია,“ - განაცხადა გიორგი გვიშიანმა.
უცნობმა ადამიანმა გიორგი გვიშიანს რუსული სატელეფონო კოდის ნომრიდან დაურეკა და ქართული და რუსული სპეცსამსახურების ერთობლივი გეგმის შესახებ მოუყვა. უცხო პირმა ჟურნალისტს რუსულ ენაზე აცნობა, რომ ყაზბეგის ოკუპაცია იგეგმება, რის შემდეგაც ტელეფონი გათიშა.