20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ეგ არის პარლამენტის დაკნინება - მმართველი გუნდის ნაწილი კვირიკაშვილთან დაკავშირებით კობახიძის კრიტიკას ეხმაურება

მმართველი გუნდის ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოს დაკნინების მცდელობაში ადანაშაულებს.

ქართული ოცნების ერთი ნაწილის გაღიზიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ყოფილი პრემიერი გააკრიტიკა.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს მმართველ გუნდს ჰქონდა სწორი პოზიცია, თუმცა, მაშინდელმა პრემიერმა კვირიკაშვილმა მისი განხორციელების საშუალება არ მისცა.

მმართველი გუნდის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი, აცხადებს, რომ იმ სტატუსიდან გამომდინარე, რომელიც ირაკლი კობახიძეს აქვს, მისი განცხადება პარლამენტის შეურაცხყოფაა.

„ეგ არის პარლამენტის დაკნინება. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ამბობს, უმრავლესობას ჰქონდა სწორი პოზიცია და არ აკეთებდაო, ძალიან ისეთი რაღაცაა. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ამ შემთხვევაში, მაგრამ პარლამენტის სტატუსიდან გამომდინარე, თუ არ აკეთებდა, მაშინ ეს საკითხი უფრო აქტუალურად უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში, რომ მას ეს შეესრულებინა. ახლა, ამ შემთხვევაში რიგით დეპუტატზე ხომ არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ უმრავლესობაზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე. არ ვიცი, რისგან არის ეს გამოწვეული, რატომ გაკეთდა ეს განცხადება, მაგრამ თუ რამე არ მოგწონს, ისე უნდა გააკეთო, რომ ეს რაღაცა შეიცვალოს,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილისგან განსხვავებით კი, დეპუტატების ნაწილი ირაკლი კობახიძის განცხადებების შეფასებისგან თავს იკავებს. ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ უმჯობესია, განმარტებები თავად კობახიძემ გააკეთოს.

„რადგან კითხვები დაგებადათ, ე.ი. თვითონ უნდა ახსნას დეტალურად, რას გულისხმობდა. მე არ მსმენია რაღაც ასეთი წინააღმდეგობა, რომ ერთ მხარეს ასე უნდოდა და იქ რამე დაიბლოკა, მე არ მახსენდება, მაგრამ შეიძლება, იყო, მე არ ვიცი,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

  

დღის ამბები