საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ირაკლი კობახიძის მიერ კვირიკაშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკის მიზეზს განმარტავს.
რომან კაკულია ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, როდესაც საკითხი შეეხო შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრებას, მაშინდელ მთავრობას უნდა მეტად ეაქტიურა იმისთვის, რომ მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების მსგავსი ფაქტები თავიდან აეცილებინა.
„პარლამენტის თავმჯდომარემ როდესაც მიანიშნა, რომ არ იყო სათანადო მხარდაჭერა, ჩემი აზრით, ის გულისხმობდა იმას, რომ ინსპექციის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით იყო წინადადებები პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიდან და მე დღესაც ვფიქრობ, რომ უნდა გამკაცრდეს ეს და ტექნიკურად ვერ მოხერხდა მოკლე დროში ამის გაკეთება და ჩემი აზრით, მაგას გულისხმობდა. მე მგონია, რომ უბრალოდ, ზოგადად არ მოხდა ფორსირებულ ტემპში პრობლემის ადეკვატური რეაგირება და ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო რაღაც მიზანმიმართულად გაკეთებული. უბრალოდ, უფრო მეტი აქცენტი და უფრო მეტი კონცენტრირება უნდა მომხდარიყო პრობლემაზე, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო,“ -განაცხადა რომან კაკულიამ.
მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შესაბამის კომიტეტს ჰქონდა სურვილი შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრების. ეკა ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად მთავრობის მეთაურმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მინდელის შახტი დახურა.
„კარგია, რომ დღეს ეს გადაწყვეტილება არის მიღებული მაღაროს დახურვასთან დაკავშირებით. ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე არის ყველაზე ღირებული და ძვირფასი და ეს დგას ყველაზე მაღლა. ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღებით უნდა მოგვარდეს, შეიქმნას ყველა წინა პირობა, რა სჭირდება იქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებას. მე ვიცი, რომ იყო მცდელობა და დისკუსია წინა პერიოდში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების. უფრო დეტალურად ეს იცის, ალბათ, იმ კომიტეტმა და იმ პირებმა, რომელებიც ამაში იყვნენ ჩართული. მე მინდა, დავადასტურო ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მაღალი სტანდარტის დაცვას უნდა დავიჭიროთ მხარი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ირაკლი კობახიძემ, დღეს მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ყოფილი პრემიერი გააკრიტიკა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების დროს მმართველ გუნდს ჰქონდა სწორი პოზიცია, თუმცა, მაშინდელმა პრემიერმა კვირიკაშვილმა მისი განხორციელების საშუალება არ მისცა და აღნიშნულთან მიმართებაში ხისტი პოზიცია დაიკავა.