სოციალურ ქსელში გავრცელებულ საზარელ კადრებთან დაკავშირებით ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში განმარტებებს აკეთებენ.
ვახტანგ ლომჯარიას მტკიცებით, ვიდეომასალა მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.
გავრცელებულ კადრებში ცხოველთა თავშესაფარში არსებული ვითარებაა ასახული. აქ, დახოცილ ძაღლებთან ერთად, ჩანს მომაკვდავი ლეკვიც, რომელიც ყურადღების გარეშეა მიტოვებული.
„ეს იყო ინსცენირება იმ სურათის, რასაც ჩვენ ვებრძვით. იქ ტომრებში არსებული ლეშები არის გადმოლაგებული, არის წრეზე შემოწყობილი და შუაშია არის ჩასმული ცოცხალი ლეკვი, რომელიც არის გადმოყვანილი საკარანტინო შენობიდან. ამ ყველაფერს იძიებენ სპეციალური ორგანოები, რომლის შედეგებსაც ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ,“ - ამბობს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, ვახტანგ ლომჯარია.
ცხოველთა უფლებადამცველები ვახტანგ ლომჯარიას გადადგომის მოთხოვნით დღეს მერიასთან აქციას გამართავენ.