„ჩვენ ტყიბულში და არა მარტო ტყიბულში, საქმე გვაქვს განგრძობად და სისტემურ დანაშაულთან, რომელიც არის მიმართული დასაქმებულების წინააღმდეგ,“ - ასე ეხმაურება მესამე სექტორი მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიას.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ხელისუფლებისგან პასუხებს ითხოვს. ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც მსგავსი ფაქტი მოხდა, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა, გამოძიებამ რა შედეგი დადო.
„არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით, გამოძიებამ რაიმე შედეგი დადო, თუ არა. შევეცდებით გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მექანიზმი იმისთვის, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ვაიძულოთ, ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღოს,“ - განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. საია-ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ სამოქალაქო სექტორმა თვალი მიადევნოს გამოძიებას.
„აუცილებელია, ვიცოდეთ, ასეთ შემთხვევაში რას უკავშირდებოდა გამოძიების არაეფექტიანობა. ეს იყო, უბრალოდ, პოლიტიკური ნების არარსებობა, რომ ამ საქმეებზე არ ყოფილიყო გამოძიება ბოლომდე მიყვანილი თუ, უბრალოდ, სხვა მოვლენებთან გვქონდა შეხება. ამ შემთხვევაში ვისთანაც შეგვიძლია ღიად კომუნიკაცია და ვისთანაც შეგვიძლია, ამ პროცესს ღიად მივადევნოთ თვალი, ეს არის საგამოძიებო კომისია,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.