17 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი და გადამსხვრეული ბოთლები - "ქართული ოცნების" დაპირისპირებული მხარეების ჩხუბი ჭიათურაში

ქართული ოცნების დაპირისპირებული მხარეების ხელჩართული ჩხუბი ჭიათურაში - კურიერის ინფორმაციით, რესტორანში მყოფი ქალაქის მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის მომხრეებს შორის დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ერთმანეთს ჭიათურის მოქმედი მერის, პაატა ნადირაძის და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის, სულხან მახათაძის, მომხრეები დაუპირისპირებდნენ.

ქალაქის მერი რაიონის დეპუტატთან დაპირისპირებულია და კონფლიქტი მათ შორის ბოლო პერიოდში უფრო გამწვავდა. წყარო კურიერს უყვება, რომ ყველაფერი კამათით დაიწყო, ხელჩართული ჩხუბით გაგრძელდა და ზურგში ბოთლის ჩარტყმით დასრულდა.

ჩხუბის შედეგად დაზარალებულია ჭიათურელი მუშა, მერაბ თუმანიშვილი.

ის ამტკიცებს, რომ ჯერ ქალაქის მერმა, პაატა ნადირაძემ, სცემა, შემდეგ კი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ინა ასანიძემ, ზურგში ბოთლი ჩაარტყა.

დაზარალებული არ საუბრობს, რამ გამოიწვია კონფლიქტი ადგილობრივ ჩინოვნიკებთან, თუმცა, წყარო კურიერს უყვება, რომ რესტორანში ქეიფის დროს ორი სხვადასხვა სუფრის მონაწილემ მუსიკოსებთან სიმღერის შეკვეთის რიგი ვერ გაიყო.

ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც მოქალაქე ბოთლის ჩარტყმაში ადანაშაულებს, ხვალ თანამდებობას დატოვებს. სოციალურ ქსელში ინგა ასანიძემ დაწერა, რომ პოსტთან ერთად ქართული ოცნებიდანაც მიდის.

ჭიათურის რესტორანში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება უკვე დაიწყო და ჩხუბის თვითმხილველები დაკითხეს.

 

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

დღის ამბები