„პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს, ბოლო ხანებში, რომ თითქოს, თავის თავი უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე ქართული ოცნება,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, რევაზ არველაძე, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
რევაზ არველაძე პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მას ელოდება საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისთვის.
რევაზ არველაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილის შესაძლებლობები ძალიან დაბალია.
„ქართული ოცნება არავის არ ელოდება, ქართული ოცნება როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ დააყენებს, რა თქმა უნდა, იმ ვადებში, როცა არის განსაზღვრული ამის დასახელება. რაც შეეხება მარგველაშვილს, თვითონ თუ დააყენებს, დარწმუნებული ვარ, მე რომ დავაყენო, ადვილად მოვუგებ მას არჩევნებს საპრეზიდენტოს,“ - განაცხადა რევაზ არველაძემ.
რევაზ არველაძე ასევე გამოეხმაურა მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ "გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს იმაზე, რომ შენ შეგაგინოს".
რევაზ არველაძე პრეზიდენტს ეპითეტის „ღლაპის“ გამოყენების გამო აკრიტიკებს.
„ეს არის უკვე, ადამიანი როგორ არის გაზრდილი იქიდან გამომდინარე. ახლა ასეთი რამის დაძახება - „ღლაპები“ და ა.შ. ეს უკვე მის შინაგან კულტურაზე მიუთითებს,“ - განაცხადა არველაძემ.