"კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ოპოზიციას," – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ოპოზიციაში დღეს მთავარი პრობლემა ჩამოუყალიბებლობაა, რაც აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის თავმჯდომარის არჩევის პროცედურამაც აჩვენა.
"ამ კითხვაზე პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას. ქართული ოცნების მაგალითზე, რატომ არ ასახელებენ კანდიდატს? თუ ვიტყვი, რომ არ მივიღებ მონაწილეობას, სუსტ კანდიდატს დაასახელებენ, კანდიდატს, რომელიც ვეტოს არ გამოიყენებს, არავის შეეპასუხება, აქ ექსკურსიაზე მოვა, საერთოდ თუ მოახერხებს რამეს, პარტიის ლიდერი იქნება. მათ ასეთი კანდიდატი უნდათ. მაგრამ, თუ მე მივიღებ მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დაასახელებენ. მე მელოდებიან. მეორე მხრივ, ოპოზიციასაც ვეხმარები, რადგან ეს ოპოზიციაც რამდენი ხანი უნდა იყოს ჩამოუყალიბებელი?! აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაზე რომ იყო კონსულტაციები ბათუმში, აღმოჩნდა, რომ, თურმე, კანდიდატი არ ჰყოლიათ და რომ შევაგულიანე, რატომ არ გყავთ კანდიდატი, მერე წარმოაჩინეს. მათ საშინაო დავალება ვერ შეასრულეს, არადა, ეს მათი საქმეა. ერთი მხრივ ვეხმარები ოპოზიციას, მეორე მხრივ ქართულ ოცნებას, სუსტი კანდიდატი რომ არ წარადგინოს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.