26 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
NDI-ის წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებს შეხვდნენ

NDI-ის წარმომადგენლები „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს შეხვდნენ. მანამდე, NDI-ის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრებსაც შეხვდნენ.

მათ ასევე შეხვედრა „გირჩის“ და „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებთან გამართეს. პარტიების წარმომადგენლებმა NDI-სთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. 

„რესურსების დიდი განსხვავება და მონოპოლიზაციაა. 94% იყო წინა არჩევნებზე და დანარჩენი 6% ყველა ოპოზიციურ პარტიაზე იყო. ამით დაწყებული, გაგრძელებული დაუსჯელობით იმ ძალადობის და დაშინების ინციდენტებისთვის, რომელსაც წინა არჩევნებზე ჰქონდა ადგილი. ეს არის ნაწილი იმ კლიმატის, რომელიც ახლა არის შექმნილი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე გვქონდა საუბარი. ჩვენ გვაქვს დამატებით პრობლემები. მთავრობის დაკვეთით, მარეგულირებელმა ორგანომ შეგვიზღუდა შესაძლებლობა რეკლამის ქონის. ამას ემატება პრეზიდენტის ჯერჯერობით უცნაური დუმილი არჩევნების თარიღზეც კი,“ - განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩიდან” ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ NDI-ის წარმომადგენლებს მიაწოდებს ყველა იმ პრობლემის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საქართველოში არსებობს.

„აინტერესებდათ, ზოგადად როგორი არის წინასაარჩევნო გარემო, რა პრობლემები არსებობს ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით, ზოგადად პოლიტიკურ რეალობასთან მიმართებაში. ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემებზე, რომელზეც პრინციპში ვსაუბრობთ აქაც, ამ ქვეყანაში,“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარი გააკეთა საქართველოს „რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიშემ. 

„აღვნიშნე, რომ ძალადობის ფაქტები არის გაცილებით ნაკლები და, თითქმის არა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა. დღეს ჩვენ გვაქვს სხვა ტიპის ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე, ეს არის თანხების გამოყენება, ფულადი სახსრებით ამომრჩევლის მოსყიდვა,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები