"რუსეთის მუქარის მიუხედავად საქართველომ უნდა გააგრძელოს ნატოში გაწევრიანებისკენ სვლა" -ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობა დუმის ზედა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებას.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს დაშინებისა და მუქარის გზით ხელი შეუშალოს საქართველო-ნატოს ურთიერთობების გაღრმავებას. უმრავლესობაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ საქართველოს პოზიცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიზნით უცვლელია. ამ საკითხით უკმაყოფილო რუსეთის პოზიცია კი ამჯერად დუმის დეპუტატმა კონსტანტინ კოსაჩოვმა გაასაჯაროვა. "თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთი ადეკვატურ საპასუხო ზომებს მიმართავს,"-აცხადებს დეპუტატი.
"ამგვარი მუქარები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს გზა უნდა იყოს ერთადერთი - ეს არის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება,"-აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ რომ მსგავსი ტიპის განცხადებებმა საქართველო არ უნდა შეაშინოს და ეს მოსალოდნელიც იყო რუსეთის მხრიდან.
"ეს ყველაფერი ბუნებრივია რუსეთის მხრიდან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების მტერია,"-აცხადებს გიორგი ბარამიძე.
რუსეთის დეპუტატის განცხადება არ უკვირთ უმრავლესობაშიც და აცხადებენ, რომ საქართველო მიზნის მისაღწევად მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
"ახალი და სიურპრიზი ამაში არაფერი არ არის, ჩვენ ვაგრძელებთ თანმიმდევრულად სვლას ნატოსკენ, გაწევრიანებისკენ და ჩვენი სტრატეგიული მიზნების განხორციელებისკენ,"-აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.