წინასაარჩევნო მარათონში ერთვება კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი. განცხადება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დავით უსუფაშვილმა უკვე გააკეთა. ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გიორგი მარგველაშვილი მეორე ვადით კენჭს აღარ იყრის. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ „შენების მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ მარგველაშვილი გრძელვადიანი პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობით დაინტერესებული არ არის.
"ვმონაწილეობ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩემი გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება, მე მქონდა საუბარი პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და მქონდა შეთავაზება, რომ მას მიეღო მონაწილეობა პოლიტიკური გუნდის ფორმირებაში და გაძლიერებაში საპარლამენტო არჩევნებისთვის. გიორგის პოზიცია ასეთია, რომ მას არ და ვერ წარმოუდგენია თავისი თავი გრძელვადიან პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობაში, შესაბამისად მისი მონაწილეობა ამ საქმეში გამოირიცხა, როგორც თანამონაწილის,"-აცხადებს დავით უსუფაშვილი.