ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს თავდასხმის ობიექტი მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთხელ გახდა. მიზეზი NDI-ის ბოლო კვლევაა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ოპოზიციის ინტერესებს ატარებს და ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს და სწორედ ამითაა განპირობებული ორ პროცენტიანი სხვაობა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას უნდობლობა გამოუცხადა.
ის, რაც „ქართულ ოცნებას“ NDI-ის ბოლო კვლევაში არ მოეწონა, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის საკმაოდ მაღალი პროცენტია. მმართველი პარტიაში ამტკიცებენ, რომ ეს ნიჰილიზმი არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ქმედებების შედეგია. „ქართულ ოცნებაში“ ისიც არ მოსწონთ, რომ კვლევის მიხედვით, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მმართველი პარტიის რეიტინგზე მაღალია და პოლიტიკური ძალების გაერთიანების შემთხვევაში, ოპოზიციას გამარჯვების შანსი აქვს.
ოპოზიციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი NDI-ის გამოკითხვის ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც ამომრჩეველთა დიდი ნაწილი 62% ფიქრობს, რომ ოპოზიციამ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა წარადგინოს.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვა პოლიტიკური სპექტრისთვის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მომავალი პრეზიდენტი ქართული ოცნების გუნდიდან არ უნდა იყოს. ყველაზე სახელისუფლებო შტოს ერთი პარტია არ უნდა აკონტროლებდეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ამომრჩევლის ღია გზავნილია, რომ მათ ქვეყანაში ცვლილებები სურთ.