უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე გადადგა. მისი გადადგომის ოფიციალური მიზეზის არც პრეზიდენტს სჯერა და იმ მოტივების დადგენას მოითხოვს, რამაც ქვეყნის მთავარ მოსამართლეს პოსტიდან წასვლა აიძულა.
თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯომარისგან განსხვავებით, გიორგი მარგველაშვილმა ღიად თქვა, რომ მის მიერ წარდგენილი თავმჯდომარე ზეწოლას განიცდიდა და ეს ფაქტები გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს.
მოქმედი კონსტიტუციით ქვეყნის მთავარი მოსამართლე პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს, თუ მარგველაშვილი დროში ვერ მოასწრებს, მაშინ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს.
გიორგი მარგველაშვილმა დღეს უკვე დააანონსა, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესს ორშაბათიდან დაიწყებს და არ აპირებს, ქვეყნის მთავარი მოსამართლის შერჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუთმოს.
პრეზიდენტისგან განსხვავებით, ნინო გვენეტაძის მოულოდნელ გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები არ გასჩენია იუსტიციის მინისტრს.
რას შეეწირა ნინო გვენეტაძე, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი აქვს არასამთავრობო სექტორს. მესამე სექტორი კლანური მმართველობაზე საუბრობს და დარწმუნებულები არიან დაჯგუფებებს შორის ომში, გვენეტაძეს მისმა მეტოქეებმა მოუგეს, რამაც მთავარი მოსამართლე იძულებული გახდა წასულიყო.
ნინო გვენეტაძე რომ უზენაესის სასამართლოს სავარძელში თავს კომფორტულად არ გრძნობდა, „ქართული ოცნებიდან“ დღეს ბექა ნაცვლიშვილმა დაადასტურა. ოპოზიცია კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გახმაურებულ საქმეებს ახსენებს და სასამართლო სისტემაში კლანურ დაპირისპირებაზე საუბრობს.
ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, ამ ეტაპზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას, მოსამართლე მზია თოდუა შეასრულებს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შემცვლელად რამდენიმე პირი სახელდება, მათ შორის, მზია თოდუა, რომელიც გვენეტაძის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას ასრულებს, ირინა იმერლიშვილი და ანა დოლიძე.
ნინო გვენეტაძემ ქვეყნის მთავარ მოსამართლედ სამი წელი და ოთხი თვე იმუშავა. ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს დაამტკიცა. გვენეტაძეს ვადა 2025 წელს იწურებოდა.