„ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე, ფართო ჩართულობის მქონე პროცესის მეშვეობით მოხდეს შეჯერება ღირსეულ კანდიდატზე,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ახალი კანდიდატის შერჩევაზე საუბრისას გააკეთა.
ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტმა თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი უნდა დაასახელოს, რაც შეიძლება მმართველ გუნდს და პრეზიდენტს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ახალმა თავმჯდომარემ არსებულ გამოწვევებზე გამკლავება უნდა შეძლოს.
„ეს არ იქნება პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ეს არ იქნება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა, ეს იქნება საზოგადოების ფართო ჩართულობით შერჩეული ადამიანი, რომელზეც უარის თქმა ნიშნავს ქართული საზოგადოებისთვის უარის თქმას და დაადასტურებს იმ ეჭვებს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ სასამართლო სისტემა გაუშვას თავისი კონტროლიდან და მისცეს მას რეალურად შესაძლებლობა, რომ იქ დაიწყოს ჯანსაღი პროცესები,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავმჯდომარის შერჩევა ორშაბათიდან დაიწყება და მასში საზოგადოების დიდი ნაწილი იქნება ჩართული.
ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.